Magic Carpets
დიანა ტამანე
ხეობის ხმები
“ხეობის ხმები” ქართველი და საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ხელოვანებისთვის განკუთვნილი სარეზიდენციო პროგრამაა. რეზიდენცია “Magic Carpets”-ის დიდი ოჯახის ნაწილია, რომელიც 16 ევროპული ორგანიზაციისგან შედგება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხელოვანთა მობილობას მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობის მიზნით.
რეზიდენცია პანკისში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში მდებარეობს. კავკასიონის ქედით შემოსაზღვრული ეს ხეობა მდინარე ალაზნის ნაპირებს მიუყვება და ძირითადად მუსლიმი თემით, ქისტებითაა დასახლებული.
პანკისი ულამაზესია და, ცოტათი, ჯადოსნურიც. აქ, თითქოს, ჰაერიც სხვანაირია, დროც, ხანდახან, სხვანაირად გადის, აქაურ მწვანეს სხვაგან ვერ შეხვდები, ხმებიც, თან ნაცნობია - თან უცხო. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი და პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა უცხოელთათვის, ქართველების დიდი ნაწილი ხეობაში ნამყოფიც არაა. დანარჩენი საქართველოსთვის პანკისი ბურუსითაა მოცული. ხალხი ხეობაზე სიფრთხილით ლაპარაკობს და ინფორმაციაც ხშირადაა ფრაგმენტული და არასწორი. ამის შედეგად, ქისტების კომუნა ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებულია საქართველოში - გეოგრაფიულად ახლოს, მაგრამ სოციალურად დისტანცირებული.
ეს დისტანცია უმთავრესია იმ მიზეზთაგან, თუ რატომ ავირჩიეთ პანკისი ჩვენი რეზიდენციის ადგილად, ხოლო ქისტი ხალხი საზოგადოების იმ ნაწილად, ვისთანაც ვიმუშავებდით. ქისტებისთვის, მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის აგებული უხილავი კედელი მნიშვნელოვანი თემაა, რაც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. უკვე წლებია, სტიგმის გასატეხად და დისტანციის შესამცირებლად, ქისტები დანარჩენ ქართველებს მოუწოდებენ, რომ ესტუმრნონ და თავისი თვალით ნახონ პანკისი.
რეზიდენციის ფარგლებში, თბილისის ფოტო ფესტივალმა სამი ხელოვანი ხეობაში სამი კვირის გასატარებლად გააგზავნა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს რეზიდენცია პრობლემების და მათი გადაჭრის გზების აღმოჩენას კი არა, ახალი ურთიერთობების დამყარებას ეძღვნებოდა, ადამიანების ადამიანებთან და ადამიანების ადგილებთან დაკავშირებას.
შედეგად, გთავაზობთ სამ ისტორიად გადაქცეულ სამი შეხვედრას, რომელთანაგ თითოეულს, მათ მიერ გაგონილი ხეობის ხმები მოაქვს თქვენამდე.
დიანა და სპეროზა
ა.გ - ყოველთვის მეგონა, რომ ბუნებასა და მასში მცხოვრები ადამიანებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს. რომ, ადამიანის ხასიათზე ძლიერ გავლენას ახდენს პეიზაჟი, რომელსაც გაღვიძებისას ხედავს. სიმართლე გითხრა, სხვა ადგილებზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ საქართველოში ამ თეორიის არაერთი მტკიცებულება მინახავს. ეს კავშირი უფრო შესამჩნევი მთებშია, მთის ხალხთან, ან მათთან, ვინც ზღვასთან ცხოვრობს. ქართულ ანბანში დიდი ასოები არა გვაქვს, მაგრამ ინგლისურად, სულ მინდება ‘მთები’, ‘ტყეები’, ‘ზღვა’ - დიდი ასოებით დავწერო, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი მონუმენტურები არიან, ასეთი დიდები და პატივისცემის ღირსნი.
დ.ტ. - ლამაზი სიტყვებია. შენს კურატორულ ტექსტშიც უნდა გამოიყენო!
სპეროზა კახეთის კავკასიონის სამხრეთის ქედის მთაა. ძნელია ის ვერ შეამჩნიო, რადგან ხეობას მცველივით ადგას თავზე, სოფლებს გადმოჰყურებს და მდინარე ალაზანს უგზავნის მათ.
დიანა მოხიბლული იყო მთით და მისი არსებობის სიძლიერით: ’რაღაცნაირად, თავისკენ მიზიდავს, თითქოს მეპატიჟება და მეც ხშირად მივდივარ ხოლმე მისი მიმართულებით.’ ეს სეირნობები მედიტაციური იყო, ისევე, როგორც დიანას ხეობაში გატარებული დანარჩენი დრო: დილას ბროწეულის გაფრცქვნით და მისი მარცვლების დათვლის იწყებდა. შემდეგ, მდინარე ალაზანის ნაპირებს სპეროზასკენ მიუყვებოდა და გზად ჯერ უნახავ ადგილებს აღმოაჩენდა. შემოდგომისა და ზამთრის გასაყარი იყო, როცა დრამატული ცვლილებები უნდა მოხდეს და ბუნების სამზადისი ყველაფერს ეტყობოდა: ტემპერატურას, ჰაერის სურნელს, ფოთლებს - რომლებიც ყოველწამს იცვლიდა ფერს და ბოლოს ცვიოდა.
დიანას პანკისში ყოფნას თან გასდევდა რუმის პოეზია, რომელიც ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე ჩვენს საუბრებში; იმამის მოწოდებები ლოცვისაკენ, - მთებს რომ წვდებოდა და ექოდ უბრუნდებოდა უკან ხეობას; ქართული და ქისტური ენების ჟღერადობა და ორი კულტურის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მთელი რიგი, რომლებიც აქ, პანკისში ხვდებიან და ერწყმიან ერთმანეთს.
ამ ყველაფრით გარემოცული, დიანა ფიქრობდა, რომ ამ ადგილისა და ხალხის გასაცნობად დრო არ ყოფნიდა: ‘ვღელავდი იმაზე, თუ როგორ შემექმნა რამე ღირებული ასეთ მოკლე დროში.. მერე კი რუმი წავიკითხე’ - მომწერა:
‘ამ სიმღერების შენახვაზე ნუ იდარდებ!
და თუ ჩვენი რომელიმე ინსტრუმენტი გატყდა, არაფერია.
ჩვენ მოვხვდით იქ,
სადაც ყველაფერი მუსიკაა.’
ვიმედოვნებ, დიანას ფოტოები, აქ წარმოდგენილი ღია ბარათების სახით, პანკისის მოსანახულებლად მიგიხმობთ და თქვენც შეძლებთ გაისეირნოთ ალაზნის პირას, სპეროზასკენ, რომელსაც ჩვენ, უბრალოდ მთას ვუწოდებთ.
ტექსტი: ანა გაბელაია, პროექტის კურატორი
გალერეა
უკან გასვლა