გამოფენები
მაიკლ კენა
ზამთარი? გაზაფხული? ვინ იცის? | იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტი ხედი
ზამთარი? გაზაფხული? ვინ იცის?
იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტი ხედი
მაიკლ კენა
*ეძღვნება მარტინა დ’არკს (1937-2011)
მაიკლ კენა იაპონიას 1987 წლიდან იღებს - იმ დროიდან, რაც პირველად იმოგზაურა ამომავალი მზის ქვეყანაში. მას შემდეგ იაპონიაში რეგულარულად ბრუნდება და
მისი სამუშაო ვიზიტები მედიტაციურ, თითქმის პილიგრიმულ გამოცდილებაში გადაიზარდა.
პოეზიის გარეშე მაიკლ კენას ფოტოგრაფიაზე საუბრი შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია. და რაც მთავარია - უსარგებლოა, რადგან კენას თითოეული ფოტო ვიზუალური ლექსია.
იაპონიაზე საუბრისას კი, ლექსი ჰაიკუა. კენას იაპონურ ფოტო სერიებს, ერთი შეხედვით, ჰაიკუს “ბუნება“ აქვს, თუმცა, უკეთ დაკვირვებისას, გაცილებით მეტი მსგავსების აღმოჩენაა შესაძლებელი: მინიმალიზმი და ემოციური ინფორმაციის მოცულობა, რომელსაც ნამუშევრი მოიცავს; აქცენტების და პაუზობის რიგითობა, რომელიც რიტმს ქმნის და, რა თქმა უნდა, წელიწადის დროები.
კენას ფოტოები, ხშირად, მათი შექმნის პროცესს ავლენს - ღამის ცაში მოგზაური მთვარე ან თეთრ ნისლად გარდაქმნილი თოვლი - ეს ის ბუნებრივი მოვლენებია, რომლების გადაღებაც ხანგრძლივი, რამდენიმე საათიანი ექსპოზიციის შედეგად არის შესაძლებელი.
გასაკვირი არაა, რომ მაიკლ კენა იაპონიაში მოგზაურობას მედიტაციას ადარებს. მოგზაურობა, რომელსაც ის იწყებს ყოველ ჯერზე, როცა გადასაღებად გადის, ხანგრძლივ ლოდინს, მოთმინებას, დაკვირვებასა და მოვლენებზე კონტროლის უარის თქმასაც კი მოითხოვს. რადგან ის, რაც ფოტოს გადაღების დროს ხდება, არაპროგნოზირებადია. ასევე არაპროგნოზირებადია ის ფოტოებიც, რომლებიც დამკვირვებელის თვალისთვის შეუმჩნეველ ბუნების უხილავ ფორმებს ასახავს.
კენა ხშირად საუბრობს კავშირზე იმ ყველაფერთან, რასაც იღებს. საუბრობს იმაზე, როგორ გადადის ეს კავშირი მეგობრობაში და ამბობს, რომ ერთი და იმავე ხის გადასაღებად დაბრუნდება, ძველ მეგობართან შეხვედრას ჰგავს. გადაღებისას დაკვირვების პროცესი დიალოგად ტრანსოფრმირდება, სადაც პეიზაჟი
იმ ადამიანის მსგავსად, რომლის პორტრეტსაც ქმნიან, პოზირებს და ფოტოგრაფს მისი ხასიათის აღბეჭდვის შესაძლებლობას აძლევს.
დაიდო მორიამა, მაიკლ კენას წიგნის "ჰოკაიდო" შესავალში "სულის პეიზაჟზე" საუბრობს. ეს შესაძლოა ის მიწაა, რომელიც ადამიანის სულის პეიზაჟად არის აღქმული და რომელთანაც ადამინი შინაგან კავშირს პოულობს… ან ეგებ ეს პიეზაჟის ფოტოებია, რომლებიც, სინამდვილეში, მათი ავტორის სულის დახვეწილი გამოხატულება. ვინ იცის?
“ზამთარი? გაზაფხული? ვინ იცის?“ ან კი, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მაიკლ კენა იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტ ხედს გვთავაზობს - ფოტოგრაფიულ პეიზაჟებში მოქცეულ ავტორის მიერ ნაგრძნობ და განცდილ დროსა და სივრცეს.
***
იაპონიის ორმოცდაჩვიდმეტი პეიზაჟის გარდა, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მაიკლ კენას მიერ საქართველოში - თბილისში, ანანურში, მუხათწყაროში, ყაზბეგსა და ბათუმში - 2008 წელს გადაღებული ფოტოების კოლექციაც იქნება ნაჩვენები.
მაიკლ კენას გულუხვი მხარდაჭერის ნიშნად, აღნიშნული ფოტოები თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის მუდმივი კოლექციას გადაეცა.
*გამოფენა ეძღვნება მარტინა დ'არკის ხსოვნას (1937-2011).მარტინა დ'არკი ფოტოგრაფიის ფრანგი პროფესიონალია და 20 წელზე მეტი მაიკლ კენას წარმომადგენელი იყო ევროპაში. მაიკლ კენას იაპონური ფოტოების თბილისში გამოფენა მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო, მოულოდნელ გარდაცვალებამდე 2011 წლის 12 ივლისს.
გალერეა
უკან გასვლა