გამოფენები

შავი ზღვის სანაპირო თენგიზ ფურცხვანიძის ფოტოებში

როცა იღვიძებენ ფოტო არქივები

როცა იღვიძებენ ფოტო არქივები
შავი ზღვის სანაპირო თენგიზ ფურცხვანიძის ფოტოებში
(1960-1980)





ფოტო არქივებს, რომლებზეც არავინ ზრუნავს, უბრალოდ სძინავთ. და ვიდრე მათ სძინავთ, ყველა იმ ამბავს, ადამიანს, ცას, ზღვას, ყვავილს, ტყეს და ცხოველს, რომლის გამოსახულებაც არქივის ნაწილია, ასევე სႻინავს. სძინავს იმ დროს და სივრცეს, რომელსაც ნებისმიერი ფოტო არქივი ინახავს და იმ დიდ დაგროვილ ცოდნასაც, რომელიც არის, სინამდვილეში, ფოტო არქივი. თუმცა... იმ მომენტიდან, როდესაც არქივში დაცული და თავმოყრილი ფოტოები
შესწავლისა და კვლევის საგანი ხდება, ცოცხლდება დრო, ყველა ადგილი, ადამიანი და ამბავი, რომელიც ვიზუალური მემკვიდრეობის ნაწილია. არქივი ახალი ცოდნის მიღების წყარო ხდება და წარსულიც აწმყოს უახლოვდება.


ერთი ასეთი უცნობი არქივი, მე-20 საუკუნის 60 - 80-იან წლებში ქართულ ქართულ პრესაში აქტიურად მომუშავე ფოტოგრაფის თენგიზ ფურცხვანიძის ფოტო მასალის არქივია, რომელიც ფოტოგრაფმა ვახო ხეთაგურმა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმს დონაციის სახით 2020 წელს გადასცა. ამ არქივში დაცული 2 დიდი ალბომი, უმეტესწილად, ფოტოგრაფის მიერ გაკეთებულ “კონტაქტებს“ ანუ კონტაქტურ ანაბეჭდებს აერთიანებს. მინიატურული “კონტაქტები“ საგულდაგულოდ არის დანომრილი და დახარისხებული თემატურად: საქართველოს კურორტები, ქალების პროტრეტები, საქართველოს ბიომრავალფეროვნება - ტყეებით, სხვადასხვა ჯიშის ყვავილების ასობით ფოტოთი; საქართველოს და უკრაინის შავი ზღვისპირეთი - აფხაზეთის, ყირიმის, აჭარის ფოტოებით. სწორედ თენგიზ ფურცხვანიძის არქივში აღმოჩნდა აფხაზეთის მანამდე უცნობი ფოტოების დიდი სერიის კონტაქტური ანაბეჭდებიც.


თავად ფოტოგრაფის ან როგორც გასული საუკუნის 60-80-იან წლებში ამბობდნენ ხოლმე “ფოტო კორესპონდენტის“ - თენგიზ ფურცხვანიძის შესახებ, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის, რომ იგი 60-80-იან წლებში აქტიურად მუშაობდა ისეთ ქართულ ჟურნალებში, როგორებიც იყო: “საქართველოს ბუნება“ და “საქართველოს ქალი“. სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა თენგიზ ფურცხვანიძის ბიოგრაფიისა თუ პროფესიული გამოცდილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. ამჟამად მისი არქივი შესწავლის პროცესშია. ეს გამოფენაც, რომელიც მხოლოდ შავიზღვისპირეთის ქალაქების მანამდე უცნობი ფოტოების “კონტაქტურ ანაბეჭდებს“ აერთიანებს, ფოტოგრაფებზე და მის არქივში თავმოყრილ მასალაზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა და შესწავლის მცდელობაა. ისევე როგორც დიდი ხნის წინ მიძინებული, ყველასთვის უცნობი ფოტო არქივის გაღვიძების მცდელობაც.

გალერეა




უკან გასვლა