გამოფენები
ვერონიკა გესიჩკა
დაბნეულობა
ფოტოგმირების ღიმილს რომ ვხედავთ, ჩვენც გვეღიმება. გვეჩვენება, რომ ჩვენ წინაშე იდილიური ოჯახის პორტრეტია. თუმცა, მაშინვე ვხვდებით, რომ ასე არ არის. ნუთუ ასეთი იყო ეს სურათი სანამ სტუდიაში მოხვდებოდა?
ავტორს იზიდავს 1950-იანი და 1960-იანი წლების ამერიკული ფოტოგრაფია, სადაც აღბეჭდილია ბედნიერი ოჯახები, შეყვარებული წყვილები, წვეულების მხიარული სტუმრები. ფოტოების უმრავლესობა, სავარაუდოდ, დადგმულია, რომ კიდევ ერთხელ აისახოს და გამყარდეს ამერიკული მითი, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი რიგზეა და უნაკლო რეალობა მომღიმარი სახეებისა და სრულყოფილი ურთიერთობების საწინდარია.
ეფექტური ციფრული დამუშავების მეშვეობით, ვერონიკა გესიჩკა დაბნეულობას ქმნის. ის ეჭვს გვიჩენს წარმოდგენილ სცენებთან დაკავშირებით და ასევე კითხვებს გვისვამს ჩვენ, დამთვალიერებლებს - ოჯახურ ურთიერთობებზე, ან მათ არარსებობაზე, იდენტობაზე, მარტოობასა და საჭიროებებზე მიუხედავად დროისა და გეოგრაფიული მდებარეობისა. მის ნამუშევრებში ვხედავთ სამყაროს და საკუთარ თავს ისე, თითქოს მრუდე სარკეში ვიყურებით.
ჯადოსნური სცენების კალეიდოსკოპი დახვეწილი ობიექტების კოლექციის ნაწილია. ყოველდღიური მოვლენები, რომლებიც გესიჩკას მიერ არის ხორცშესხმული, მისი შთაგონებისა და გამოცდილების ნაყოფია. დამთვალიერებლისთვის კი ისინი ასეთი პირადი არ არის. შედეგად, ჩვენ წინაშეა უნივერსალური დაპირისპირება სხვადასხვა სტერეოტიპს, ფობიას, შიშსა და ფეტიშს შორის. შეუძლებელია ვერონიკა გესიჩკას ნამუშევრების გულგრილად დათვალიერება. ჩვენ ისევ ვიღიმით. გესიჩკა გვართობს ვიზუალური სრულყოფილებით - უკიდურესად ზუსტი ფოტომონტაჟითა და ზედმიწევნით დამუშავებული ობიექტებით. გამოსახულებასთან გვტოვებს და გვიბიძგებს, რომ მის ისტორიებში საკუთარი თავი დავინახოთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სერიების „კვალი“ (2015-2018) და „კოლექცია“ (2018 -2019) ერთობლიობაა. გამოფენის კურატორები არიან : მაგა კვიელუხი და კატაჟინა საგატოვსკა.
სექტემბერი 15 - ოქტომბერი 15
გ. ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმი
გალერეა
უკან გასვლა