გამოფენები

გრეგუარ ელუა

ნისლი

"ნისლი", ფრანგი ფოტოგრაფის გრეგუარ ელუას გამოფენაა, რომელიც 2018-2020 წლებში, თბილისის ფოტო ფესტივალის რეზიდენციის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობისა და იქ მიღებული ფოტოგრაფიული გამოცდილებებისა და ექსპერიმენტების  შედეგად შექმნილ ფოტოებს აერთიანებს. 


პეიზაჟის ფიზიკურად შეგრძნების სურვილით გრეგუარ ელუამ ფეხით, ცხენით და ზამთარში თხილამურით შემოიარა თუშეთისა და ხევის სოფლები, რომ მთის სილამაზე, ყველაზე იზოლირებული სოფლები და იქ საკუთარი სურვილით თუ არჩევანის არქონის გამო მცხოვრები ადამიანები გადაეღო. 


“ნისლი“ კლასიკურ დოკუმენტურ ფოტოგრაფიას და ასევე ფოტოგრაფიული ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ ანაბეჭდებს აერთიანებს. სწორედ “ნისლის“ გადაღებისას და ამ რეზიდენციის ფარგლებში, გრეგუარ ელუამ ანალოგური ფოტოგრაფიული ბეჭდვის ტექნიკის საფუძველზე უნიკალური ანაბეჭდების მთელი სერია შექმნა, რომელსაც “géorgigrammes" (ჟეორჟიგრამები) ეწოდა. “ჟეორჟიგრამები“ ახლა უკვე საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ფოტომუზეუმის Musée Nicephore Niepce პერმანენტული კოლექციის ნაწილია და პირველად გამოიფინება საჯაროდ “ნისლის“ ფარგლებში. გრეგუარ ელუას ახალი წიგნი „OMALO“ (The Eyes Publishing, 2022) ამ ნამუშევრების ნაწილს აერთიანებს.


“ნისლი“ მთის მეშვეობით მთლიანად ქვეყნის განსხვავებული სიმაღლიდან, სხვანაირად დანახვისა და ამ ხედვის გაზიარების მცდელობაა ფოტოგრაფისთვის, რომელიც პირველად  საქართველოში  2006 წელს ჩამოვიდა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომისშემდგომი მძიმე რეალობის გადასაღებად. მას შემდეგ გრეგუარ ელუა საქართველოში რამდენჯერმე დაბრუნდა.  2019 წელს კი, მისი  გამოფენა თბილისის ფოტო ფესტივალის საიუბილეო მე-10 გამოშვების პროგრამის ნაწილი იყო.  


გრეგუარ ელუა პარიზში ცხოვრობს. 2003 წლიდან თავის დოკუმენტურ ფოტოპროექტებში ის საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრეობას იკვლევს აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში. 

უკანასკნელი წლების მანძილზე კი, მისი ფოტოგრაფიული ხელწერისა და სტილის განვითარებას მეცნიერებაზე და გარემოზე ფოკუსირებული ფოტოპროექტები განსაზღვრავს. 


გრეგუარ ელუას ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და ფრანგულ ინსტიტუტციებში. 

2021 წელს გრეგუარ ელუა პრესტიჟული ფრანგული ფოტოგრაფიული ჯილდოს - Prix Niépce - მფლობელი  გახდა. 

2016 წლიდან ის ფრანგი ფოტოგრაფების კოლექტივის Tendance Floue წევრია.

გალერეა




უკან გასვლა