ბლოგი
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე
სუბტროპიკული კულტურები: პლატფორმა სახელოვნებო გაცვლისთვის
როდესაც კონფლიქტით გაყოფილ მხარეებს შორის ვიზუალური ხელოვნება დიალოგისა და ინტერკულტურული თანამშრომლობის საშუალება ხდება, ნდობის აღდგენის ალტერნატიული გზებიც იკვეთება.
„სუბტროპიკული კულტურები: პლატფორმა სახელოვნებო გაცვლისთვის“ ქართველი და აფხაზი ხელოვანების მონაწილეობით პირველი გრძელვადიანი პროექტია, რომელიც თბილისი ფოტო ფესტივალმა განახორციელა 2021-2022 წლებში.
ახალ პროფესიულ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან ერთად, პროექტმა შექმნა ინტელექტუალური საფუძველი ქართველ და აფხაზ ხელოვანებს შორის ურთიერთგაცვლისა და ორივე საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპული ნარატივების ასახვისთვის.
ხელოვანებმა მონაწილეობა მიიღეს ორ სახელოვნებო რეზიდენციაში: „დიდი ხეების ჩრდილში“ და „ქარიშხალი ჩვენს ზღვებში“. პროექტი, ასევე, მოიცავდა საერთაშორისო ექსპერტებისა და ხელოვანების ლექციების სერიას, ვებინარებს, გრანტებს, 4 თვიან სამენტორო პროგრამასა და გამოფენას. მონაწილე ხელოვანებმა ნამუშევრები სხვადასხვა მედიუმში შეასრულეს, მათ შორის ფოტო, ვიდეო, ფერწერა და ინსტალაციაა.
ქართველი და აფხაზი კურატორების გუნდი უშუალოდ მუშაობდა რეზიდენციაში მონაწილე ხელოვანებთან. მათი ინიციატივით შეიქმნა „ხელოვანთა დუეტები“ ქართველი და აფხაზი ხელოვანების მონაწილეობით, რაც ერთობლივ პროექტებზე მუშაობას გულისხმობდა. სწორედ ეს გახდა ემოციური და ინტელექტუალური გაცვლის საწინდარი, რამაც ხელი შეუწყო კონფლიქტის შედეგად გაყოფილი მხარეების წარმომადგენლებს შორის ნდობის დამყარებას.
პროექტის ციფრული პუბლიკაცია თავს უყრის სახელოვნებო რეზიდენციებში მონაწილე ქართველ ხელოვანებსა და მათ ნამუშევრებს, ასევე, ონლაინ ჩატარებულ ინტერვიუებს აფხაზ და ქართველ ხელოვანებს შორის, რომელიც მხარეებს შორის დიალოგის დამატებით შესაძლებლობად იქცა. აფხაზი მონაწილეების ვინაობა პუბლიკაციის ფარგლებში ანონიმურად რჩება.
თბილისი ფოტო ფესტივალი
პროექტი „სუბტროპიკული კულტურები: პლატფორმა სახელოვნებო გაცვლისთვის“ პანდემიის დამსახურებით, ციფრულ ფორმატში განხორციელდა. გადავწყვიტეთ ხელოვნების დახმარებით დაგვემყარებინა ახალი კავშირები ქართველ და აფხაზ ხელოვანებს შორის. ვცადეთ შეგვექმნა უსაფრთხო, ღია პლატფორმა, რომელიც სახელოვნებო ურთიერთგაცვლას დაეთმობოდა.
პროექტი არ ეძღვნებოდა ჭეშმარიტების ძიებას, უფრო განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასა და გაზიარებას. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდა ხელოვანები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, მიიღეს ინსპირაცია და ახალი ცოდნა სხვადასხვა დარგის ექსპერტების ლექციებზე დასწრებით. შედეგად, თითოეულმა მისთვის საინტერესო მასალას თავისებური ინტერპრეტაცია გაუკეთა და აქცია ნამუშევრად.
იმედი მაქვს, პროექტის ფარგლებში შეძენილი კავშირები შენარჩუნდება, მწვავე დისკუსიასა და უთანხმოებას კი ყველა ხელახლა გავიაზრებთ.
პროგრამის კურატორი
ელენე კაპანაძე
არტისტები
თიკო იმნაძე
მარიამ აქუბარდია
გურამ საყვარელიძე
მარიამ აქუბარდია: ხელოვნებას აქვს შესაძლებლობა დაგანახვოს ის, რასაც ხშირად ვერ ვხედავთ და რეალობის მიღმა არსებობს. ხელოვნებას შეუძლია დაგვაფიქროს იმაზე, რაც ჩვენთვის ხშირად შეუმჩნეველია.
გურამ საყვარელიძე: მხოლოდ ხელოვნების მეშვეობით არის შესაძლებელი საუბარი რაციონალური აზროვნების მიღმა, პირობითი სიმართლეების დანგრევა ან სულაც ახალი მნიშვნელობების შექმნა. ყოველივე ეს ხელს უწყობს ადამიანებს შორის ძლიერი კავშირების დამყარებას.
ანასტასია ახვლედიანი
9 წლის ასაკში ბავშვების სახელოვნებო კლასის გამოფენას ვეწვიე. დედას ვთხოვე, რომ მეც ჩავეწერე ამ კლასში შემდეგი სემესტრისთვის. მუდმივად შემოქმედებით პროცესში ვიყავი. ვფიქრობ, მაშინ ვიგრძენი უდიდესი სურვილი გამომეხატა საკუთარი თავი. 9 წლის ასაკში ეს ერთადერთი გზა იყო და მგონი დღემდე ასეა.
თამარ კალანდაძე
ჩემი რწმენით, ადამიანებს ტანსაცმელივით გვაცვია სქესი, ნაციონალობა, ტრადიცია, რელიგია და კიდევ ბევრი რამ. ეს გარსები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითმიზანი არცერთი არაა - შენ რომ უნივერსალური ადამიანი ახსენე, მგონი, მის თვითგამოხატვას უნდა ემსახურებოდეს ყველა სხვადასხვანაირად. ნაციონალობაც ცვლადია. მართობს ის აზრი, რომ თუ ისტორიის ამ მომენტში შენ აფხაზი ხარ და მე - ქართველი, შეიძლება, ეს კანონზომიერ, სიმეტრიულ კონფიგურაციას ქმნიდეს ჩვენს წინა ცხოვრებასთან მიმართებით ძველ საბერძეთში, როცა შენ კორინთოდან იყავი და მე - ათენიდან.
სანდრო ფაჩუაშვილი
პროექტის თემა ორჯერ შევცვალე. საბოლოოდ კი რაც ავირჩიე ადამიანებს შორის კონფლიქტს ეხება. ის თავის სიღრმეში სრულიად გამოგონილია და დროის სვლასთან ერთად სასაცილოც კი. ზოგადად, მიწებია ომის მიზეზი, მაგრამ საბოლოოდ მათ კი არ ვუვლით, არამედ ვანადგურებთ. ჩემი პროექტი დაფუძნებულია კავკასიის ადგილობრივ ლეგენდაზე.
მარი ყალაბეგაშვილი
რეზიდენციის ფარგლებში მისი სამუშაო პროცესი შეეხება თმისა და ნაწნავის გამოსახულებას სპეციფიკურად არჩეულ მასალაზე - სამაშველო თერმულ საბანზე, რომელიც თავის თავში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს, თუმცა მისი ხელახლა გადამუშავება კავკასიაში დაბადებული ქალის ახალ პერსპექტივას გვთავაზობს.
ქეუ მეფარიშვილი
ჩემს შემოქმედებით პროცესში სიზმრებს დიდი ნაწილი უკავიათ. მაინტერესებს ესქატოლოგია და მგონია, სიზმრები ამის ნაწილია. საიდუმლო კავშირი ორ განზომილებას შორის. ყოველთვის საინტერესოა რატომ გადაწყვიტა შენმა არაცნობიერმა რომ ზუსტად ეს სიუჟეტი დაგანახვოს? „მე ვხედავ სიზმრებს, არა თქვენებურს“ ამბობდა გალაკტიონი.
ელენე შენგელია
ბასა მეტრეველი
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სატირა რელევანტურია. თანაც სატირა ისეთი ფორმაა, რომელსაც შესაბამისობა ისტორიის არცერთ მონაკვეთში დაუკარგავს, არამარტო საქართველოში. თან ისიც ვიცით, რომ შეიძლება კლიშე იყოს, რადგან პოლიტიკური სატირა ხშირია ქართულ ტელევიზიაში და ხელოვნებაში, მაგრამ ამ კლიშეებშიცაა რაღაც მნიშვნელოვანი. კლიშე იმიტომაა კლიშე, რომ მასში რაღაც საინტერესოა, რასაც ყოველთვის შეგიძლია დაუბრუნდე. უბრალოდ უნდა შეძლო და დაინახო რაღაც ახალი მასში. ჩვენი პროექტიც ზუსტად ამ ახლის აღმოჩენაზეა.
ფოტო ქავერზე: თიკო იმნაძის ფოტო “‘მტკვარი” - მდინარე მიკროსკოპში”.
პროექტის მენეჯერი - ნესტან ნიჟარაძე; პროექტის კოორდინატორი - ელენე ქორიძე; სახელოვნებო რეზიდენციების კურატორი - ელენე კაპანაძე; გრაფიკული დიზაინი - გვანცა გაბუნია.
უკან