ბლოგი
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე
I_Residency: ქალი ვიზუალური არტისტების და მწერლების დუეტების მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტები
"დორმიველია"
ტექსტი: ნინი ელიაშვილი
ფოტო: მანო სვანიძე
***
ჩვენ ყველას ძილი აგვერია
ჩვენ ვინც შევცვალეთ ყველაფერი
იგივე დავრჩით
ჩვენ ვისაც ძილი აგვერია
და ძილ-ღვიძილში ბნელ კოშმარებს ვხედავთ
ვმღერით ეს კი ტრაგედია სულაც არაა
მე წარმოვიდგენ ქალის შიშველ ზურგს
და მერე როგორ ეფერებიან
მე წარმოვიდგენ რამდენიმე ტაბლეტს და არაყს
ალტერნატივა სხვა საძილედ წლებია არ მაქვს
და ჩვენ როდესაც შეგვატყობინეს
რომ პირბადით უნდა ვიაროთ და დისტანცია უნდა დავიცვათ
მე მეცინება მინდა ტივზე ვიჯდე და მტკვარზე სულ უცხო ხალხთან
ჭიქა არაყი ჭიქა ღვინო ან ერთი აბი
მედგას და მხოლოდ ხასიათის მიხედვით ვსვამდე
და ვიღაც მაბამს
რომ ამ სიზმრებს გადავარჩენდე
ვიღაც ჩემ მხრებს კვლავ ეფერება
ვიღაც იგივე ვიღაც უცხო ვიღაც პატარა
ჩემს სიზმრებს უვლის და ხანდახან ჩემი მოკვლას სურს
მე დიდი ხანი შეიძლია ამის ატანა
ფსიქოპათურად მშვიდად ვარ და რადგან არა ვარ
და ჩამოშლილ სულს ჩამოშლილ ხმას ჩამოშლილ მერცხლის
ბუდეებს
უნდა ყოველდღეს თითო ჭიქა არყის დალევა
ჯერ იმედი მაქვს ვინმე მოვა რაღაცას შეცვლის
ჩვენ დავიბადეთ ძილგამოთხრილ ბუდეებად
იქნებ ბოლოჯერ მაპატიო
რომ დავიღალე
***
თითქმის გაშეშდა ყველაფერი და დაიბინდა
სუყველა სახე და გარემო ისე დაირღვა
საგნებს ალაგებს მაგრამ უკვე სხეულს მიფიტავს
რა გაიყვანს დროს რა გაიყვანს დროს რა გაიყვანს
რა შეცვლის მთვარეს ან რა შეცვლის თუნდაც ფირფიტას
როცა წევხარ და არც მკვდარი ხარ რომც მომკვდარიყავ
ვინ გაიგებდა ჩიტივით რომ ამოგიფრინდა
გული ეს მხოლოდ სიზმარია და მხოლოდ მისი
თანამგზავრები განაგრძობენ შენთან სტუმრობას
და მათთან ერთად უსმენ ღამის მომწამვლელ სისინს
თუმცა ვერ იტყვი რომ ეს გრძელი მოგზაურობა
მოგბეზრდა ანდა დილით დედის მორთმეულ ყავას
მოინატრებდი არ გგონია მარტო მყოფიც კი
რა გაიყვანს დროს რა გაიყვანს დრო ისე გავა
სადღაც მოგისვრის
ადგები თვითონ მოაგროვებ გადღაბნილ სახეს
სარკეში უკან შეიბრუნებ შიშსა და სირცხვილს
ღიმილნარევი გადაჰყურებ ნიღბიან ხალხის
მიმოსვლას თითქოს მათზე ერთით მეტი რამ იცი
და შეგიძლია კომენდანტის დროსაც კი სახლი
დატოვო და თუ შეგედავნენ ატეხავ სიცილს
აგიხსნის ვინმე სულელი რომ კარანტინია
რა იცის ხუთი დღეღამე რომ არ გიძინია
***
შავ-თეთრისამყაროსბოლოუჯრიდან
დაბოლოშავ-თეთრიკადრებისწყალობით
სხვაგზაარაგაქვსაქაურებთან
უნდამოძებნორამესაერთო
გათენებისასჩიტისგალობას
უნდაუსმინოუნდაგაერთო
მათკიჯერძინავთმეზობლებივით
მოგბეზრდამათისუფთაპირბადე
შენშეგიძლიაუთხრაზეპირად
ვერმოკვდებიან - არცდაიბადნენ
ჯერრადგანასეთშიშსადაბორგვას
არიწყებსხოლმეადამიანი
დამათიბინათუმათიმორგი
რამდენადწამლავთანაგვიანებთ
შენშეგიძლიასიზმარიცნახო
თუმცასიზმრებიცგამკაცრებულან
დაარცსიზმრებშიარმოდისხალხი
არგსიამოვნებსთანძველებურად
მათგამოუჩნდათნამდვილისახე
შავ-თეთრისამყაროსბოლოკარიდან
ამჩაკეტილიყოფისმიხედვით
საღამოიყოგაპარედა
მერეკისახლშიაღარმიხვედი
***
რა დარჩა ჩვენი სიზმრებისგან ჩვენი სიზმრები
მხოლოდ ჩრდილია მზეში დგომის შიში შიშინი
ხან მხოლოდ წევხარ და ბოროტულ აზრებს იშივებ
სანამ მოვლენ და შეგანჯღრევენ გაგაღვიძებენ
შენც თვალებს ახელ არა მტრულად არა გიჟივით
იღიმი ანუ ცრუ სიკეთეს გამოიძებნი
***
გასარბენი იყო ეს გაზაფხული
ყველაზე ლამაზი სეზონი
ჩვენ სარკმლებიდან ვათვალიერებდით
დაცარიელებულ ეზოებს
სიზმარივით იყო ეს გაზაფხული
წვიმასაც არ გადაუღია
ძილღვიძილიდან რაც დამამახსოვრდა -
არავინ იყო გულღია
მასკარადი იყო ეს გაზაფხული
ათასი ლამაზი პირბადით
ყველა ერთმანეთს დავემსგავსეთ
ხელებსაც ხშირ-ხშირად ვიბანდით
როდესაც გამეღვიძა ვერავინ ვიცანი
არავინ არ გავდა წინანდელს
შიში სიყვარულზე ძლიერი სცოდნიათ
და მე სიყვარული ვინატრე
I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
უკან