ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 სექ 2020

I_Residency: ქალი ვიზუალური არტისტების და მწერლების დუეტების მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტები

 

"სად გაქრნენ ციცინათელები?"

 

ფოტო: დარო სულაკაური
ტექსტი: მარი ბექაური


დარო სულაკაური 

"სიზმარს ვხედავდი"

როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სურეალისტური გახდა ჩემთვის გარე სამყარო. დაცარიელებული ქუჩები, პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანს სწორედ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი. თითქოს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეული დასაფლავების საშუალება კოვიდ -19 - ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით სასაფლაოზე ვიყავით მხოლოდ ჩვენ: ჩემი მშობლები, დეიდა და მესაფლავეები.

მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება იყო, როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო. სამყარო და ცხოვრება იცვლებოდა, ათასობით ადამიანი ებრძოდა ახალ მონსტრს და ათასობით ეწირებოდა მას. ნეტავ, როგორ დაამახსოვრდება ეს დროება ჩემს შვილს? მომავალზე ვფიქრობდი, ველოდებოდი ძველი ცხოვრების დაბრუნებას. მღელვარებასთან და შფოთვასთან გასამკლავებლად  კი დღიურს ვქმნიდი.

 

------------------

ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. ხვალ მეტროში ჩავალ და ბევრ ნიღბიან ხალხს გადავიღებ. კვირის ბოლოს შენც გადაგიღებ.


სრული პროექტი 





მარი ბექაური

პანდემიის დროს დაწერილი წერილები, აქამდე ართქმული სიტყვებით


პანდემიის დროს სახლებში გამოკეტილებმა, გადავწყვიტეთ, მხოლოდ გულწრფელი სიტყვები დაგვეწერა: დარომ - დღიური და სხვადასხვა დღის შთაბეჭდილებები, მე - წერილები, სადაც ძვირფას ადამიანებს ვეტყოდი იმას, რაზეც მანამდე არასდროს მილაპარაკია.


დედას

ნარკოზიდან ვფხიზლდები და შენ გხედავ. სკამზე ზიხარ - არა მშვიდი, არამედ ჩუმი სახით, და მე ვიცი, რომ ეს სხვა რამეა, დედა, რადგან სიჩუმის უკან ზოგჯერ ართქმული სიტყვები დგას.

გარეთ აპოკალიფსური ფილმია - ადამიანები პირბადეებით დადიან, ერთმანეთთან დისტანციას იჭერენ და სადეზინფექციო ხსნარებს ისხამენ, იმ ვირუსისგან თავის დასაცავად, ათასობით სიკვდილი, კომენდანტის საათები და სამყაროს ეგზისტენციალური კრიზისი რომ მოიტანა.
უჩვეულოა: ჩემთვის თითქოს არაფერი შეცვლილა. შეიძლება იმიტომ, რომ გამოცდილებაში უკვე მაქვს ნგრევა, ჩარეცხილობა, თუ აღარ ვიცი, რა იქნება ზუსტი სახელი იმ მდგომარეობის, რომელიც სადღაც - ყოფნასა და არყოფნას შორისაა და თითქოს მხოლოდღა გახსოვს, რომ არსებობ...

საავადმყოფოს ვტოვებთ. სანამ მანქანა მოვა, ტროტუარზე ვდგავარ და ვცდილობ, გარემო აღვიქვა. მარკეტთან დისტანცირებული რიგია. ავტობუსებიდან პირბადიანი სახეები იყურებიან. თუმცა, მათ თვალებში უკვე შიშზე მეტად, შეგუებულობა იკითხება.

გზად შენობებს ვაკვირდები და იქვე ვიაზრებ, რომ რასაც ვხედავ, მალე გაქრება ჩემი ცნობიერებიდან, როგორც ნარკოზის ეფექტი.

ბეტონის ქალაქი. ასფალტით დასაფლავებული მიწა და პოტენციურ საფრთხეებად ქცეული ადამიანები, რომლებიც რეზინის ხელთათმანიანი ხელებით მოათრევენ პროდუქტებიან პარკებს - ტვირთს, და კიდევ უხილავ ტვირთს:

ცხოვრებას.

„კიბეზე ნელა ადი,“ - მეუბნები, როცა მანქანიდან გადმოვდივართ, და მეცინება, რადგან ორივეს უკვე ჩვენ-ჩვენი ტვირთი გვაქვს, და ამის მიუხედავად, მაინც ყოველთვის მაფრთხილებ და წინ მიშვებ, რათა ჩემს ნაბიჯებს თვალი მიადევნო. დარწმუნდე:

შენს შვილს არაფერი მოუვა.


·



                                                                                                                    © დარო სულაკაური


კორტასარს, 

ბრუნო, 

წინა დღეებში მაკრატელი ავიღე და თმა მოკლედ შევიჭერი უმწეობის განცდის ჩასახრჩობად, და მერე ვფიქრობდი, რომ იქნებ, სიყალბეა, როცა მხოლოდ სიხარულს იმჩნევ ადამიანი და არასდროს ამოთქვამ სიტყვებს, რომლებიც შენში იხრწნება, ლპება და თუ გაგიმართლებს - პერსონაჟის პირით, სხვის ამბავში მოყვები.  გახსოვს, რა გითხრა ჩარლი ჩიტმა, როცა შენი წიგნი წაიკითხა? რომ ეს ხალხისთვის დაწერილი ლამაზი სიტყვებია, სადაც არაფერია ნათქვამი ნაგვის ურნებზე, რაღაც ჭეშმარიტის გამოჭერის მცდელობისას რომ ხედავს ეს სანახევროდ შეშლილი კაცი - მეოცე საუკუნის, ალბათ, ყველაზე დიდი საქსოფონისტი... 

ჰოდა მაგაზე დავფიქრდი, ბრუნო. რომ შეიძლება, მეც ლამაზ მოთხრობებს ვწერ ხალხისთვის და არ ვყვები გეტოზე, რომელშიც ვიზრდებოდი, ძალადობებზე, და იმაზე, რომ ჩემი შეგრძნებები საიდანღაც,იმ ცოდნიდან ცნობიერდება, ჯერ კიდევ მამონტებზე მონადირე წინაპრებიდან რომ გადმომეცა, ათასწლეულები გროვდებოდა და იზრდებოდა, ინახავდა ალექსანდრე მაკედონელის ორგიებს და ატილას ყვირილს ბრძოლის დაწყებამდე და ჯვაროსნულ ლაშქრობებს, როცა ქრისტეს სახელით მასობრივი სასაკლაოები მოაწყვეს აღმოსავლეთში და დრეზდენის ცაზე გადაფრენილ სამხედრო თვითმფრინავებს, ისტორიამ რომ გადამალა, და ამ ათასწლოვანი გამოცდილების წყალობით, შემიძლია, დავინახო ღამის ქალაქი, მოჩვენებებს მადევარი ლოთებით და ცირკთან მდგარი ტრანსსექსუალებით და დანარკატებული ახალგაზრდებით, რომლებიც ასე ყიდულობენ თავისუფლების ილუზიას და სექსით ცდილობენ, დაივიწყონ ღმერთის არყოფნა და მარტოობა, რომელსაც არავინ აღიარებს... 

ჰოდა ვაღიარებ, ბრუნო: 
თმა მოკლედ იმიტომ შევიჭერი, რომ ზოგჯერ ჩვენივე სიჩუმე თავზარდამცემად ხმაურიანი გვეჩვენება და მარტივ, ბანალურ ქმედებებს მივმართავთ ამ ხმაურიდან გამოსაღწევად. მორიგი ილუზიის შესაქმნელად, სადაც ქაოსის ადგილი არ არის. არ არის წარსულის ადგილი.  არც სევდის.  არც ნაგვის ურნების. 




 








ჩემს ხევსურ ბებიას

საღამოს საათებში არის რაღაც მომენტი, როცა სამყარო ცვლილებას განიცდის, გარდაიქმნება.

ამ მომენტს ყველაზე კარგად მთებში ვაფიქსირებდი, როცა ჩვენი სახლის წინ, გრძელ სკამზე ვისხედით, გვერდიგვერდ. ორივე ვუყურებდით ცას და გამორიცხული იყო, სიჩუმე დაგვერღვია.

ერთ დღეს შენ ძველი კარადა გამოაღე, სახელდახელოდ შენახული კაბა ჩამოხსენი, თმა დაივარცხნე, ლოგინში ჩაწექი, თვალები დახუჭე და მოკვდი.

ეს ყველაზე შთამბეჭდავი სიკვდილია, რაც მინახავს. ყველაზე ჩუმი და ძლიერი, და იყო 7 წლის წინ.

მე დღემდე დამრჩა ჩვევა:

საათობით გაუნძრევლად ვიჯდე ერთ სკამზე და ნარკომანივით ვუყურო ერთ წერტილს და ვიფიქრო, მაგალითად - მექსიკელ ხალხზე, მათ სისასტიკეზე და იმაზე, რომ ასეთ სისასტიკეს ღარიბების სისხლი კვებავს. კვებავს ცივილიზაციის უარყოფა, ქაოსის გენეტიკური მოთხოვნილება და იქნებ, ეს ბრძოლის მათებური მცდელობაა სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ; იმ წესრიგის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სპექტაკლებად თამაშდება, რათა ჩაიხშოს თანატოსის მიდრეკილება ადამიანში და აი, მექსიკელები - თანატოსი, რომელიც არა თვითგანადგურებისკენაა მიმართული (როგორც ეს ცივილიზებულ ხალხს სჩვევია და ისინი პეპლებივით ცვივიან მაღალი სართულებიდან, ან საქანელებივით ქანაობენ ხეებზე ჩამოკიდებულ თოკებზე), არამედ გარეთ და გარეთ იმიტომაა მიმართული, რომ მათ არ მიიღეს სამყაროს განვითარება, არ მოიხვიეს თავს ზნეობრივი კანონები და არა კაც ჰკლა და შეიძლება ეს ჰგავს გადაწყვეტილებას, დარჩე იმ ხანაში, სადაც კაენმა აბელი უნდა გაწიროს, მაგრამ ალბათ, მექსიკელებს არც კი უფიქრიათ, რომ რაღაცას წყვეტდნენ, და ეს თავისთავად მოხდა, როცა ხედავდნენ მშიერ ცოლებს და შვილებს და მშიერ დედებს, რომლებიც შეიძლება მექსიკურ ბალადებსაც მღეროდნენ შიმშილით გამოწვეული უხერხული ხმების ჩასახშობად...

იმედი მაქვს:

ერთ დღეს მეც ვიქნები იმდენად ერთიანი სამყაროსთან, რომ მივხვდე - დროა:

ჩავიცვა კაბა, დავივარცხნო თმა, ჩავწვე ლოგინში და დავხუჭო თვალები.



კაცს, რომელიც მიყვარდა

იმ დღეს ვიღაცამ თქვა - როცა ორი ადამიანის ისტორია მთავრდება, ალბათ, როგორ ნანობენ დაკარგულ წლებსო.

მე არაფერი მითქვამს, მაგრამ ძალიან გამიკვირდა.

მერე ვფიქრობდი:

ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად ეგოს კვება ჰგონიათ სიყვარული, ან რაღაც ილუზიებს ჩაბღაუჭება, რაც საკუთარი თავისგან და მარტოობისგან გვიხსნის. გვიხსნის სიკვდილისგან.

გამახსენდა:

როცა სხვადასხვა გზას დავადექით (თან ისე - რომ ჩვენ შორის ჩამოწვა დიდი სიჩუმე, რომელიც ერთ სიტყვასაც კი გამორიცხავდა), თვეების განმავლობაში მტანჯავდა ძილიდან უეცარი ამოგდებები ცნობიერებაში. საშინელი შეგრძნება, რომ გიჭირს. (და ეს არაა არც პათეტიკა, არც ილუზია, რადგან სიყვარულს არ აქვს დრო და სივრცე.)

მაშინვე ლოგინიდან ვდგებოდი, მუხლებზე ვიჩოქებდი და ქრისტეს ვთხოვდი, დაეცავი. ალბათ, მაგ დროს ვისწავლე, რას ნიშნავს:
გიყვარდეს მტერი შენი.

რადგან როცა ეს სასტიკი სიჩუმე წამოვიწყეთ, ერთმანეთის მტრებად ვიქეცით.

ამ მტრობაში კი სამყაროს მთავარი საიდუმლო გავიგე:

ერთადერთი სიმართლე - სიყვარულია, რომელსაც ჭეშმარიტი ფორმით მხოლოდ მაშინ შეიცნობ ადამიანი, როცა საკუთარი თავისთვის თვალის გასწორებას გაბედავ. გეყოფა ძალა, შენივე ჯოჯოხეთი გამოიკვლიო, რის მერეც სასაცილოდ მოგეჩვენება ყველაფერი, რასაც არსებობის მოცემული ფორმიდან თავის დასაღწევად ვაკეთებთ; სპექტაკლად იქცევა ყველა ბრძოლა - ადამიანის, თუ კაცობრიობის, რადგან სიყვარული ერთადერთი იარაღია, ყველა ომს რომ მოიგებს და მოიგებს იმიტომ, რომ მტრის თანაგრძნობა შეუძლია, როგორც ბრმის, საკუთარ თავს რომ ვერ შეხედა.

ჰოდა რანაირად?

როგორ შეიძლება ვინანო ის, რაც ჩემმა სულმა შენი სახით გამოსცადა?


·


                                                                   

                                                                      © დარო სულაკაური



დაროს

იცი, როცა მანქანები აკრძალეს, პირველად გავიგონე ჩიტების ხმა და მომდევნო დღეებში სულ ვუსმენდი. ღამღამობით კიდევ აივანზე ვიჯექი და ისეთივე გაფართოებული თვალებით ავცქეროდი ცას, როგორც პატარაობისას. ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, რამდენი წელია, ბუნება არ მიგრძვნია-მეთქი. რადგან ერთია, რომ რაღაცას ხედავ ადამიანი, და მეორე, რომ გრძნობ, აღიქვამ...

მერე, ერთხელაც, ქალაქგარეთ წავედი. წყალს ვეხებოდი და ვამბობდი: „შენ ხარ წყალი“. მიწას ვეხებოდი და ვამბობდი: „შენ ხარ მიწა. ყოველთვის შეახსენე შენს თავს, რომ მიწა ხარ და მიწად იქცევი...“ და როცა სახლში დავბრუნდი, უცებ დავფიქრდი, რომ ბავშვობის მერე აღარსად მინახავს ციცინათელები. არადა სწორედ ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე ჯადოსნური ამბავი: ციცინათელების დევნა ზაფხულის ღამეებში.

თითქოს - ყველაზე ჭეშმარიტი, ნამდვილი ბედნიერების მომენტი.

ნეტა, სად გაქრნენ ციცინათელები?


·






I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

















უკან