ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 სექ 2020

I_Residency: ანა კორძაია-სამადაშვილის მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტები


"ნათელში, ლუჩია!"


 

მე დიდი ხნის მკვდარი მეგონა. ვახ, რა მითხარი. ყველაზე ლამაზი იყო, არა? რომი, თერთმეტი საათი, ვიღაც გოგოს წინდას თვალი წაუვიდა და რაღაც ასეთი ამბები. ჰო, და ის მემანქანე კიდევ, ხო? უფროსი რომ იყო და ყველაზე მაგარი. არა, დაიწუნეს, ასაკის გამო, თუ რაღაც ეგეთი იყო.

ვახ, რა არი, არა, ყველაზე ლამაზი გოგო რომ ხარ, და ჯერ რომ დაბერდები, და მერე გრიპი რომ მოგკლავს. ისე, რა გინდა, ამას სახელი მაინცა აქვს ღირსეული, გვირგვინოსანი მოკვდები. მე ღორის გრიპი მკლავდა, რა ღორობაა... საერთოდ, არ მახსოვს, როგორ ვიყავი. ურდული კი გადავწიე, მეთქი, რომ მოვკვდები, გაღება მოახერხონ-მეთქი...

რა - კაცი?

ისე, მართლა მაინტერესებს: აი, ეს ხომ მორჩება, და მერე, აი, რა? გავიცანი, კაი, ამ ალიკაპით რა მიშავს, ვიდზე ვარ. ორი კვირა კარანტინი. ცალ-ცალკე, აბა?! და მერე ცნობა უნდა მოვთხოვო, თუ იმან უნდა მომთხოვოს, თუ აი, როგორ იქნება? ჰო, მეც მანდ ვარ. და მერე რომ დაიწყებენ გამოკითხვას, როგორ, საიდან, ჰა, როგორია? ჩემი სახელობის კლასტერიც მექნება. აი, რა უბედური უნდა იყო, ამ ცხოვრებაში ფიდერი და კლასტერი რომ გაქვს ნათქვამი. ჯიბეში ხან განდონი რომ გედო და ხან ალიკაპი გიდევს. არაა ეს პირბადე, ამდენი ქართული მეც ვიცი. ისე, ფიდერი თუ არ მერჩივნა... სიბნელე, მამენტ, ასწორებს. რაღაც ამბავში. ცოტა სიბნელე, ცოტა სიცივე. გახეული კედები.

მითხარი, რა, სად მოკვდაო, ოჯახში თუ მოხუცების სახლში? ნეტა ოჯახში, არა? ჰო, რა, ნახე, აბა. მეც, მაგრად მეწყინა.

შენ კიდე ამდენს ნუ ეწევი. დაგაჩაჩანაკებს.

დედაჩემი როგორც იტყოდა, ეს არის მათხოვრების კომფორტი და ბებრის მორჩილება. მათხოვრის კომფორტში, ანუ იზოლაციაში მცხოვრები მორჩილი ბებერი. როგორია?

კაი, რა. არ მინდა, საერთოდ. არასრულწლოვანები და პენსიონერები არ მინდა. არ იქნება და ნუ იქნება. მართლა ძალიან უსამართლო ამბავია. გრავიტაციის კანონი.

ისე, მე ვფიქრობ, კიდევ კარგი, კრასავიცა არასოდეს ვყოფილვარ, თორემ ნაღდად ვერ გადავიტანდი. საწყალი ლუჩია ბოზე... რა უსამართლობაა. არა, მართლა, არა? მე ვერ ვუყურებ ათი წლის წინ გადაღებულ სურათებს და იმას რა სჭირდა ალბათ. და ბოლოს - აჰა. რა ვიცი. გრიპით ნაღდად არა. ალბათ, კედელთან მიყენებული, და რომ მეტყვიან, ბოლო სურვილი თუ რაღაც ეგეთი, აი, ახლა ვფიქრობ: გავაბოლო თუ ვიმღერო? Look into your eyes... I'm Helpless! ეგრევე ცეცხლს გახსნიან!

სწორია მერე. უნდა ვიქიცინოთ. ამდენს ვქიცინობთ და მაინც ნახე, რა, საამაყო ბიუსტი - სპანიელის ყურებივით... რა გინდა, ეგ შენ იცი, კი ვერავინ ხვდება, თმა კი გაქვს ფაფარივით და გადასარევი. რა ვიცი, ხომ მორჩება, და თუ დახვდი გახსნას პოსლიკა, კაია? კაცი რა შუაშია, მე არ ვივლი შენთან ერთად, თუ იქნები პოსლიკა და ბანძი. კი, შევიღებე, მაგრამ, მე მგონი, უკან მაგარი ჭრელია. ვერ ვხედავ.

აბა... მე დიდი ხნის მკვდარი მეგონა. არც გამხსენებია, რამდენი წელია. არადა, როგორი მშვენიერი იყო.

მიდი, მიდი. მეც. გკოცნი. ჰო, რა. აბა, ჰე.

. . .

არა, რა მძინავს.

კაი, რა. მოგცლია ერთი.

მეტირება არა, ვტირი. შენ რაღა მოგივიდა. გამივლის, აბა, რა იქნება. ახლა მაინც არავინ მიყურებს, ცხრიდან ცხრამდე, ვიტირო, რა გენაღვლება.

ვიცი, შენ გგონია. ოღონდ მართლა ტრაკში ვარ და რაღა ვქნა, აბა?

ასე, კაცო? ასე ხომ არ შეიძლება, არა? შუაგზაზე დაგდება... ფორმასაც ხომ გააჩნია. ეთქვა რამე, რა ვიცი, რაც გინდა. სხვა შემიყვარდა, აღარ მევასები, რა იყო, მაგრად გამიკვირდებოდა თუ რა? ასე კიდე, აი, რა ვიცი.

რა აზრი აქვს, ვილაპარაკო და ვიყო. შენ არ იდარდო. სხვა დროს ყურადღებას უფრო გადავიტანდი რამეზე, თორემ ისე - რა. რა განსხვავებაა. გაივლის. ალბათ.

გეხვეწები, ახლა ნერვებს ნუ ამიშლი, კარგი? მიდი, „ძლიერი ქალი“ და რამე ეგეთი მითხარი. გული ამერიოს. ჰა? ჰოდა, მორჩა. Пускай летят поэтому в отчизну. Пускай орут поэтому за нас. რაც ვიყვირე, მეყოფა. შენც, სხვათა შორის.

ე, მართლა? მიდი, აბა, ჩამიგდე მეც. რომი, თერთმეტი საათი... საერთოდ აღარ მახსოვდა. კაცს ვინ თამაშობს, კი არ მახსოვს. კაი, რას ლაპარაკობ! მიდი, ჩამიგდე. თვალი მაინც დაისვენებს. კაი კაცი კაია.

რომ მოგატყუო, აი, სულ არ მედარდება-მეთქი, დამიჯერებ? ჰოდა, რა გინდა. გამივლის, სად წავა.

კი, აუცილებლად. თან ისე კი არა, ჩაქროლებით, სამი თვით მაინც, ხო? აუცილებლად, და მასიმო ჯიროტიზე ნაკლებზე თანახმა არ ვარ. ჰო, რა.

ოქრო ხარ. მიდი. აბა, ჰე.

 






I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.










უკან